პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რომ მათი შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ, კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს რომ მათი სისულელეები "გაპრავდეს", - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას აღადგინონ ჩახსნილი სიები.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია უამრავ შეცდომას უშვებს და გარდა იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ძლიერდება იმითაც, რომ ოპოზიცია უშვებს შეცდომებს.
"თავად ჩახსნეს სიები და ამ შეცდომის გამოსწორებას გვთხოვენ ჩვენ. როგორ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და მერე ამუნათებდე ოპონენტ პარტიას და კანონის შეცვლას "ავალებდე". სისულელეებს რომ აკეთებენ და მერე ისევ ჩვენთან მოდიან და გაიღეთ მოწყალება, შეცვალეთ კანონი, რადგან სისულელე გავაკეთეთო, ეს არგუმენტი არ არის. პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რომ მათი შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ, კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს რომ მათი სისულელეები "გაპრავდეს", უკაცრავად ჟარგონისთვის, კანონი უნდა შეიცვალოს ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე", - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოხდეს.