უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნაა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი. სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს,- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ხელისუფლებას, რომელსაც ღირსება არ გააჩნია სიკეთეს ვერ მოიტანს.
“უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნაა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი, სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ - არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.
ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს.
ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.