ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შედეგად, პარტია “ლელო“ საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს. ამასთან, საპარლამენტო ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ შესაძლოა დაიშალოს, რადგან ფრაქცია მინიმალური რაოდენობით არის წარმოდგენილი და თუ ჯაფარიძის ადგილს რომელიმე დეპუტატი არ დაიკავებს, ფრაქცია გაუქმებულად გამოცხადდება.
1-ელ თებერვალს ძალაში პარლამენტის მიერ გასული წლის 22 ივნისს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.
პარტია “ლელოს“ საარჩევნო სიით პარლამენტში ოთხი დეპუტატი შევიდა, რომელთაგან ორს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდათ.
ანალოგიური საფუძვლით საბიუჯეტო დაფინანსებას ასევე “ლეიბორისტული პარტია“ კარგავს, რომლის ლიდერს შალვა ნათელაშვილს პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს უკვე მიმართა, ცესკოს აცნობოს, ახალი კანონის საფუძველზე პარტიათა მიერ დაფინანსების დაკარგვის ფაქტების თაობაზე, რათა მათი მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2021 წლის 5 აგვისტოს განკარგულების გათვალისწინებით, “ლელოს“ წლიური დაფინანსება - 803.560.00 ლარს, ხოლო “ლეიბორისტული პარტიის” დაფინანსება 289.710.00 ლარს შეადგენს.