თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს , - ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიორგი ბოტკოველის განცხადებებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ბოტკოველის მიერ გაკეთებული განცხადებები არ იყო ღირსეული.
„ნამდვილად არ იყო ღირსეული საქციელი, როდესაც თქვენი კოლეგის და პარლამენტის წევრის მშობლებზე ასე საუბრობთ. ეს თქვენ კარგად არ გახასიათებთ. მე კარგად ვიცნობ დავით მათიკაშვილის მამას და ის ნამდვილად არ არის ის კაცი, რომ პოლიტიკის გამო სკამზე ავიდეს, აი თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ, მისივე შეფასებით, „ფეიკნიუსებთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს 2-3 საათის ე.წ. პიარული წარმატებისთვის.
მათიკაშვილის აღნიშული განცხადების პასუხად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ "მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი უხერხულია - მამამისი ყვარელში სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა".