თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები, რომლებიც აცდენენ სესიებს, უნდა წავიდნენ პარლამენტიდან, მაგრამ შეთანხმებულები ხართ, რომ სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. ერთ შემთხვევაში სჯით, რომ გააცდინა და მეორე შემთხვევაში დანაშაულისთვის არა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები არასწორი იურიდიული ლოგიკით უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ ბადრი ჯაფარიძეს.
„მე და ირაკლი ქადაგიშვილს, როგორც ჩანს, გვიწევს რამდენიმე იურიდიული საკითხის მართლაც ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე განმარტება. ფაქტობრივ არარეალურ ინფორმაციას ვისმენთ, რაც რეგლამენტში არ წერია. აქ ითქვა „76 ხმა სჭირდებაო“ - ტყუილია! „ხანდაზმული დანაშაული ათავისუფლებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგანო“ - ტყუილია! დავით უსუფაშვილს მივმართავ, თქვენგან მიკვირს განსაკუთრებით. თქვენ რომ მოიპაროთ ტელეფონი და ეს გაირკვეს 20 წლის შემდეგ, ამ ტელეფონის მფლობელი მოგთხოვთ ანაზღაურებას თუ ვერ? ე.ი არ ათავისუფლებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ხალხს რომ ატყუებთ, ხანდაზმულობა არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. თავისუფლდება სასჯელისგან! სისხლის სამართლებრივი სანქციისგან თავისუფლდება! როგორ ამბობთ დანაშაული არააო იურისტი კაცი?!
აქ ითქვა, კვაზი სასამართლოს ფუნქცია უნდა შევითავსოთო. ბადრი ჯაფარიძის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მისი ვერსია, მე როგორც ყოფილი ადვოკატი ვამბობ, რომ გაცილებით კარგი იყო დაცვის მიზნებისთვის. მაგრამ ასევე რომ შევიდეთ სიღრმეებში, მამუკა ხაზარაძისგან, ვინც ასევე მსჯავრდებულია, გვესმოდა, რომ ერთ დღეს დავურეკე ჩემს მეგობარ წერეთელსო, 17 მილიონი ხომ არ გექნებაო ვკითხეო და მერე, თვეების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმეო იმ დღეს გამოუტანია ჩემი ბანკიდანო. თქვენი არასწორი იურიდიული ლოგიკით უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებთ ამ კაცს.
თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები, რომლებიც აცდენენ სესიებს, უნდა წავიდნენ პარლამენტიდან, მაგრამ შეთანხმებულები ხართ, რომ სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. ერთ შემთხვევაში სჯით, რომ გააცდინა და მეორე შემთხვევაში დანაშაულისთვის არა,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.