კახა კალაძემ ჩვენი პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ 100 000 ლარით დააჯარიმა იმისთვის, რომ ხელმოწერებს ვაგროვებდით, დღეს კი დადასტურდა, რომ ნამდვილად უსამართლოდ მაღალი ყოფილა სესხის პროცენტი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რითაც საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების საკითხს გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, მისმა გუნდმა „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი“ ჩამოაყალიბა, შექმნეს ცხელი ხაზი, სადაც დახმარების საჭიროების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ (558-262-845; 598-187-779;).
ოპოზიციონერმა ლიდერმა 2020 წელი გაიხსენა, როდესაც მერიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მიზნით, ხელმოწერების შეგროვების გამო 100 000 ლარით დააჯარიმა.
„პენსიონერების, დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სესხის პროცენტი მინიმუმ 10%-ით შემცირდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. აუცილებლად გამოვყოფ, რომ ჩვენ “სტრატეგია აღმაშენებელი” სხვა ოპოზიციური პარტიები და უმრავლესობის დეპუტატები მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვიყავით ჩართულნი. ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსიებიც გვქონდა, მაგრამ ეს ნამდვილად მიუთითებს იმას, რომ აქვს აზრი და შინაარსი კონკრეტულ თემებზე ბრძოლას.
ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი უსამართლობაა, როგორც პენსიონერების ასევე სოციალურად დაუცველების და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებთან მიმართებაში იმიტომ, რომ საშინელი გაჭირვებაა. სწორედ ამიტომ ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრი“ ჩამოვაყალიბეთ, შევქმენით ცხელი ხაზი (558-262-845; 598-187-779;) სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს და სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს. ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ, იმიტომ, რომ რეალურად საქმეს, რომელსაც“ლიბერთი ბანკთან” და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში ვარკვევთ, ძალიან ბევრი უფლების დარღვევის ფაქტია. ჩვენ მზად ვართ, რომ ამას ყურადღება მაქსიმალურად მივაქციოთ და თქვენთვის ვიმუშაოთ, ძვირფასო პენსიონერებო. იმიტომ, რომ ის, რაც გაკეთდა არის მხოლოდ ნაწილი იმ უამრავი პრობლემის, რომელიც თქვენ გაწუხებთ და მზად ვართ, რომ თითოეულ თქვენგანს დაგიდგეთ გვერდში.
2020 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში, როდესაც ჩვენ ეს საკითხი გვქონდა, ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ეს იყო უბრალოდ პოპულიზმი, მერიამ და კალაძემ 100 000 ლარით დააჯარიმა ჩვენი პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ ხელმოწერებს ვაგროვებდით. სესხებთან დაკავშირებით 80 000 ხელმოწერა შევაგროვეთ, დღეს კი დადასტურდა, რომ ნამდვილად უსამართლოდ მაღალი ყოფილა პროცენტი. გარდა "ლიბერთი ბანკისა“, მინდა სხვა საბანკო დაწესებულებებსაც მოვუწოდო, რომ კონკურსი გამოცხადდება, მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან სესხის პროცენტმა კიდევ უფრო დაიწიოს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.
საბოლოოდ მართლაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის და ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა ჩვენი “სტრატეგია აღმაშენებლის”, რეფორმების ჯგუფის, “რესპუბლიკური პარტიის” ჩვენი პარტნიორი პარტიის მთავარი მიზანი პარლამენტში მუშაობის არის სწორედ ამ ტიპის ინიციატივები, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებს შეუწყობს ხელს, რათა მათი უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რომ ბევრი უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში არის, იყოს დამარცხებული. უმნიშვნელოვანესია, ვიზრუნოთ ხალხზე, ვიზრუნოთ ადამიანებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.