ვფიქრობ, გიორგი გახარიას დაუსრულებელი და უსაფუძვლო ლანძღვა-გინებით, პარტიის წმინდანად იქეცით და საქართველოს ისტორიას, "ქართული ოცნების" წმინდა სოზარის სახელით შემორჩებით ,- ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოზარ სუბარს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, უსაფუძვლო ბრალდებებით და ცილისწამებით ცდილობენ მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს გიორგი გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა და თითქოს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა.
„ბატონო სოზარ, განსაკუთრებით თქვენი გამკვირვებია, რომ ბრძანებთ გიორგი გახარია და მისი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეკრაო, უკაცრავად, მაგრამ ნიკა მელია და გიორგი რურუა, ნეტავ, ვინ გაათავისუფლა და ვინ შეიწყალა, გიორგი გახარიამ თუ „ქართულმა ოცნებამ“? ძალიან კარგად იცით თქვენ, თუ რამდენი ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შეიფარა „ქართულმა ოცნებამ“, ძალოვანი თუ არა ძალოვანი. პორტირებული „ნაცები“, მუტაცია განცდილი „ნაცები“, „გაქოცებული ნაცები“, ადამიანები, რომლებიც 2012-ში თქვენს წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დროშებით იბრძოდნენ და დღეს კიდევ ყვარყვარეებად არიან წარმოდგენილები.
ჩემი დღევანდელი პოლიტიკური განცხადება ეხება იმ ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამებას და ბრალდებას, რასაც მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი, ჩვენი გუნდის ლიდერის მიმართ არ იშურებენ და ცდილობენ, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით და ცილისწამებებით მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა, თითქოს გიორგი გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა, თითქოს გიორგი გახარია „კოკაინშიკია“ და ვინ იცის რამდენი მსგავსი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ შეეგუა რამდენიმე მუნიციპალიტეტში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში წაგებას.
"მესმის თქვენი, რომ ჯერჯერობით ვერ შეეგუეთ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძალაუფლების დაკარგვას, მაგრამ ეს რეალობაა და სჯობს შეეგუოთ. მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს, რატომ უცხადებთ ბოიკოტს საკუთარ ხალხს და არ შედიხართ საკრებულოებში“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.