პოლიტიკური „ფეიკ" მართლმსაჯულების აღმასრულებლებად ნუ იქცევით - ვიცი, რომ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია! - ასე მიმართა “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას.
როგორც უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სამი წლის განმავლობაში საზოგადოება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ "ფეიკ" სასამართლო პროცესის მოწმე იყო.
„ნამდვილად არ მეგონა, თუ საქმე აქამდე მივიდოდა. იმედი მქონდა, ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობის განვლილ წელიწად ნახევარს ყველა გავიაზრებდით და დავინახავდით, რომ პარლამენტში საჭიროა მუშაობა და არა ხელების გადაგრეხა და ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა. როგორც ჩანს, ამ დარბაზში კვლავ ამის მანიფესტაცია შედგება!
სამი წლის განმავლობაში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს "ფეიკ" ბრალდებით ფულის გათეთრებას ედავებოდნენ, რადგან მათ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დადებდნენ. პროკურორმა უარი თქვა იმ სხვა მუხლებით ბრალის დადებაზე, რაზეც შემდეგ სასამართლომ საკუთარი განაჩენი დააფუძნა. შეგიძლიათ ეს "ფეიკ" მართლმსაჯულება დაინახოთ, რამაც შვა ის ქაღალდი, რომელსაც განაჩენი ჰქვია და სადაც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.