არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში დაიშალოს უმრავლესობა და ჩამოყალიბდეს ახალი უმრავლესობა - სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი არის "ქართულ ოცნებაში" უკმაყოფილო იმ გადაწყვეტილებებით, რასაც იღებს პარტია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მანდატების შეწყვეტის გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ სურს ოპოზიცია პარლამენტში დაასუსტოს. ვაშაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში შემცირდება, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში, ახალი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად ოპოზიციას ხმები აღარ ეყოფა.
„პოლიტიკურია გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტაზე. ეს უკავშირდება ძლიერი ოპოზიციის არსებობას პარლამენტში. 50 ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი ოპოზიციის ხელში. შესაბამისად, მანდატებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუწყვეტენ, რომ დაასუსტონ ოპოზიციური წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს არის „ქართული ოცნების“ ამოცანა. მე არ გამოვრიცხავ, პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დაშლას, მაგრამ რაც ნაკლები ხმა გვექნება ოპოზიციის მხარეს, მით ნაკლები შანსი იქნება უმრავლესობის ჩამოყალიბების. მე ბევრი ინფორმაცია მაქვს ამაზე, ბევრ ანალიზს ვაკეთებ და დღეს ხვალ შეიძლება ეს არ მოხდეს, მაგრამ მონოპოლიური ძალაუფლების რღვევა 19 აპრილის შეთანხმებამ გამოიწვია საკრებულოებში. რაც შეეხება პარლამენტს, რამდენიმე ხმაზე დგას „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, წინა კვირას 3 კაცი ავად გახდა და სასესიო კვირა შეჩერდა ფაქტობრივად, დიდხანს ეს ვერ გასტანს,“ - განაცხადა ვაშაძემ.