პანდემიასთან ბრძოლის მძიმე სტატისტიკის ფონზე ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფაქტობრივად არის ანტივაქსერი და ხალხს აძლევს მაგალითს, თუ როგორ არ უნდა აიცრან, იმიტომ, რომ აცრა არ მუშაობს თურმე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის გარდა, ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე ვითარებაა.
„ქვეყანაში არის მძიმე ვითარება, ამას არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზება. ასევე, რეგიონში არის ძალიან მძიმე ვითარება. მე პერსონალურად „ქართული ოცნების“ არსებობა კი არ მაშინებს, მე მაშფოთებს ის და ვფრთხილობ იმაზე, თუ რა შეიძლება ასეთ ვითარებაში ქვეყანას ისეთმა ხელისუფლებამ მოუტანოს, რომლის მთავარ ამოცანას ძალაუფლება და ქონების დაგროვება წარმოადგენს. ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში დღეს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო სიკვდილიანობით არის მსოფლიოში მე-7 ადგილზე; ის, რომ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით ვართ მსოფლიოში 1000 მოსახლეზე მე-8 ადგილზე, ეს არის ძალიან მძიმე სტატისტიკა და ამ დროს ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფაქტობრივად არის ანტივაქსერი, ხალხს აძლევს მაგალითს თუ როგორ არ უნდა აიცრან, იმიტომ, რომ აცრა არ მუშაობს თურმე. ასეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში. ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სიღარიბე და ჩანს, რომ სამწუხაროდ, ქართული ოცნება“ სიღარიბეს ებრძვის საკუთარი გამდიდრებით.
ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ აუდიტის დასკვნა, სადაც ვნახავთ, რომ 750 ათასიან ტენდერში მოიგო საკრებულოს თავმჯდომარის კომპანიამ. ასეთი უამრავი მაგალითია. ასეთ ვითარებას როცა ვხედავთ, ყველაზე მთავარი ადამიანს რა გახსენდება? ის, რომ როგორ ექცევით ოპოზიციას. თქვენ ხომ მუდმივად არ იქნებით, ეს არის მაგალითი, თარგი, როგორ შეიძლება მოგექცეთ ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ცუდ მაგალითის აღებას თქვენგან ნამდვილად არ ვაპირებთ. ერთადერთი დასაბუთება, რაც საქართველოს არსებობას აქვს, ნამდვილად არის ის, რომ არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს გვიცავს, რომ საქართველო ასეთ რეალობაში მაინც არსებობს.
როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ვითარებიდან? გადაწყვეტა არის ჩვენს ხელში, ჩვენი თავისუფალი არჩევანის ხელში და „ქართული ოცნება“ შეგვიძლია დავასრულოთ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ. „ქართული ოცნების“ არსებობას დაასრულებს ყველას არჩევანი“, -განაცხადა მანჯგალაძემ.