თავის დროზე ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ - მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას სიების აღდგენის თაობაზე.
მისი თქმით, მათ თავის დროზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.
„სიების საკითხს რაც შეეხება, მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს რამდენად არათანმიმდევრულია "ნაციონალური მოძრაობა" და რამდენად დესტრუქციულია მათი მოქმედებები არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მათთვისაც, მათ მიიღეს ნაჩქარევი არასწორი გადაწყვეტილება. თავის დროზე, ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ და ვარწმუნებდით, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გზის მოჭრა უკან. დღეს სწორედ უკან სურთ დაბრუნება და საკუთარი გადაწყვეტილების გამო ამას ვერ აკეთებენ. ამიტომ, როდესაც მათ პრეტენზია აქვთ ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსზე, დროა, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს. როდესაც რაღაც გააკეთეს, რამდენიმე თვის წინ, მით უმეტეს, როცა ყველა არწმუნებდა რომ ეს არ გაეკეთებინათ, დღეს საპირისპირო ბრიფინგებით თავის შეცოდებას არ უნდა ცდილობდნენ საზოგადოებისთვის. არ ვაპირებთ ამის განხილვას, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ,"- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება არ შეიცვლება და გაუქმებას მხარს დაუჭერენ.
„მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა უმრავლესობის შიგნით მსჯელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება და დღეს კენჭისყრით სწორედ ამ გადაწყვეტილებას გავაფორმებთ, რომ შეუწყდეთ მანდატი, ვინაიდან თითოეულ შემთხვევაში გვაქვს ამის კანონიერი საფუძველი. კანონმდებლობა და პარლამენტის რეგლამენტი სწორედ გვავალდებულებს, რომ მივიღოთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ანუ მანდატების შეწყვეტას "ქართული ოცნების" უმრავლესობა მხარს დავუჭერთ,"- განაცხადა თალაკვაძემ.