კორონავირუსით ინფიცირების გუშინდელი 4000 შემთხვევა რეალობას არ შეესაბამებოდა, რეალურად დღეს განახლდა და იყო 7727, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შაბათ-კვირას მიმდინარეობდა პორტალების და ელექტრონული სისტემების განახლება და ამის გამო ვერ აისახა სრულყოფილად ინფიცირების რეალური მაჩვენებლები.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, 51 გარდაცვლილი 24 საათის მონაცემები არ არის და რეალურად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა.
„გუშინდელი 4000 შემთხვევა რეალობას არ შეესაბამებოდა, რეალურად დღეს განახლდა და ეს იყო 7727, თუმცა წინა კვირების შესაბამის კვირებთან შედარებით კლების ტენდენცია გვაქვს ისევე, როგორც ორშაბათის მაჩვენებელი. რეალურად, ბოლო 24 საათში განმავლობაში გვაქვს 33 გარდაცვალება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ლეტალობის პროცენტი „ომიკრონის" ფონზე იანვარშიც და თებერვალშიც დაკლებულია.
ამასთან, მან ისაუბრა, ეპიდვითარების გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ სიტუაცია ნელა მიდის დამშვიდებისკენ, თუმცა „ომიკრონი" და კორონავირუსული ინფექცია არ მორჩება ერთ დღეს.
მისივე თქმით, აცრა და პირბადე არის ვირუსთან ბრძოლის იარაღი და დღეს, ჰოსპიტალში მყოფი მოქალაქეების დაახლოებით, 95% არის აუცრელი.
„ყველა მონაცემი გვეუბნება იმას, რომ სიტუაცია ნელა, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან შემთხვევების რაოდენობა ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და შესაბამისად, განსაკუთრებით, მოწყვლად ფენებში, იქ, სადაც არის ქრონიკული დაავადებები თანმხლები, ასევე ასაკი 50-60 წლის ზემოთ, იქ გვაქვს სწორედ გართულებები და სამწუხაროდ, გვაქვს ფატალური გამოსავლები. სამწუხაროდ, ჰოსპიტლებში მწოლიარე პაციენტებიდან დაახლოებით 95% არის აუცრელი და მათ შორის, რეანიმაციებში მყოფი პაციენტების მაღალი პროცენტი არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა და განსაკუთრებით „ბუსტერი" დღეს „ომიკრონთან" მიმართებაში იცავს ადამიანს ყველაზე მთავრისგან - გართულება, რომელიც იწვევს ჰოსპიტალიზაციას და ფატალური გამოსავლისგან. ამიტომ დღეს ორი მთავარი იარაღი რჩება მათ შორის, „ომიკრონთან" საბრძოლველად პირბადე, რომელსაც ჯერჯერობით ვერ შეველევით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში და ეს უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი.
„ომიკრონი" და კორონავირუსული ინფექცია არ მორჩება ერთ დღეს, არ იქნება, რომ გავიღვიძებთ ხვალ და უცბად აღარ გვაქვს პანდემია, ის ნელ-ნელა უნდა მინელდეს და ის შეიძლება გადაიქცეს სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ და ვიყოთ ფრთხილად. პირბადე და მეტი აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ.