თუ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტენ, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" პარლამენტში ოპოზიციის სიმრავლის ეშინია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" ამ საკითხზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და აუცილებელი არ არის ამის უკან სამართლებრივი საფუძველი იდგეს.
„არ დაიჯეროთ, თუ "ქართული ოცნება" იტყვის, რომ მანდატების შეწყვეტის უკან სამართლებრივი საფუძველი დგას, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის ფორმალური, სართლებრივი საკითხი, პარლამენტის წევრი გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად პლენარულ სხდომაზე და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. თუ მიიღებენ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია ოპოზიციის სიმრავლის პარლამენტში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის მოთხოვნას ჩახსნილი სიების აღდგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ ასეთ ინიციატივას ისინი მხარს დაუჭერენ.
„სიების აღდგენა არის ფორმალურ - სამართლებრივი საკითხი, თუ ხელისუფლება სისტემატურად დაიწყებს ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებას, რა თქმა უნდა, მათ სიების აღდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.