კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში არის დამნაშავე და ეს სასამართლომ დაადგინა. მე არ ვიცი, რატომ იყო განცდა, რომ ამ ადამიანისთვის უფლებამოსილება არ უნდა შეგვეწყვიტა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბადრი ჯაფარიძის მიმართ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
გივი მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული რეგლამენტი იძლევა საშუალებას, რომ დეპუტატის მანდატი აღდგეს, თუკი გამამტყუნებელი განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გამამართლებელი განაჩენით შეიცვლება.
„ჩვენ ორჯერ პოლიტიკურად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პირველ რიგში პატივისცემა გამოვხატეთ ქართველი ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს დაუჭირა მხარი, მაგრამ მათ უპასუხისმგებლოდ გადაწყვიტეს, რომ თავისი მანდატები დაეტოვებინათ და უფლებამოსილება შეეწყვიტათ. ამის შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერი კონკრეტული განცხადება იქნება, თუ რა ფაქტიც მოხდება, ამაზე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ უნდა იყოს გასაკვირი, თუკი შესაბამისი პირების უფლებამოსილება შეწყდება.
მე არ ვიცი, რატომ იყო განცდა, რომ ამ ადამიანისთვის უფლებამოსილება არ უნდა შეგვეწყვიტა. ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტზე, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე, მის რეპუტაციაზე.
როდესაც ადამიანი პასუხისმგებლობით უდგება კონკრეტულ თემას და პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ ამომრჩეველს, ის სიის ჩახსნას არ აკეთებს. მან რაღაც თემები უნდა გათვალოს, მით უმეტეს როდესაც იცის, რომ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში არის დამნაშავე და ეს სასამართლომ დაადგინა.
ჩვენს მიერ, წინა მოწვევის პარლამენტში მიღებული რეგლამენტი იძლევა საშუალება, რომ კონკრეტული დეპუტატის მანდატი აღდგეს თუკი ეს გამამტყუნებელი განაჩენი შემდგომში შეიცვლება გამამართლებელი განაჩენით, თუკი ვადა იმ მოწვევის პარლამენტის არ არის გასული. ბადრი ჯაფარიძე და მისი გუნდი რომ უფრო პასუხისმგებლობით მოკიდებოდა, მათ სიები არ უნდა ჩაეხსნათ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.