მაინც მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რაც ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით მიიღო „ქართულმა ოცნებამ”. ამ გადაწყვეტილებას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი - „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დეპუტატები დასაჯოს , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები კომფორტში აღარ არიან, რადგან ოპოზიციამ შეძლო ერთმანეთთან კოორდინირება და საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გაგრძელება.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ოპოზიცია ძირითადად, სხვა ტიპის რეაგირების რეჟიმში ამყოფოს.
„ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რაც ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. ამ გადაწყვეტილებას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ინსტრუმენტად გამოიყენა სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც გასული აქვს ხანდაზმულობის ვადა. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს ბადრი ჯაფარიძეს.
„ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დეპუტატები დასაჯოს. ბოლო პერიოდია, „ქართული ოცნება“ კომფორტში არ არის, მან დაინახა, რომ ოპოზიციამ შეძლო ერთმანეთთან კოორდინირება, თანამშრომლობა და სრულფასოვნად, საპარლამენტო მუშაობის აღდგენა. ვგულისხმობ იმას, რომ ყველაზე დიდი ფრაქციაც შემოუერთდა საპარლამენტო საქმიანობას.
იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ პარლამენტში ბრძოლას და „ქართულ ოცნებას“ არ შევუქმნით იმას, რისკენაც მიილტვის. „ქართული ოცნება“ ყველზე დიდ კომფორტში იყო, როდესაც ცარიელ სკამებს ესაუბრებოდა. სულ ცოტა ხანია უწევს სრულფასოვნად საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულ ოპოზიციასთან ოპონირება და ამ ახალი ინსტრუმენტის გამოყენებით, ამ დარტყმით, ის ცდილობს, რომ კიდევ შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც ექნება კომფორტი და ოპოზიცია აღარ იქნება საკითხებზე და თემებზე ორიენტირებული, იქნება სხვა ტიპის რეაგირების რეჟიმში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს.