ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა შეაფასეს, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დღევანდელი დღე არის ლუსტრაცია, თუ როგორ ატარებს „ნაციონალური მოძრაობა" და პარტია „საქართველოსთვის" ერთნაირ იდეოლოგიას. მათი თქმით, აღნიშნულ პარტიებთან მათი თანამშრომლობა იქნება იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების ინტერესი იქნება მაღალი.
„დღევანდელი დღე ლუსტრაციაა იმ ორი პარტიის, რომელიც ერთი და იგივე იდეოლოგიას ატარებს სხვადასხვა სახელით. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მას დამსგავსებული, უფრო უარესიც შემიძლია ვთქვა, არა „გახარია საქართველოსთვის“, არამედ „გახარია სააკაშვილისთვის“ პარტია. ნამდვილად ამის დემონსტრაცია მოახდინეს. ყველა ის ადამიანი არის იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გახარიას პარტიას.
თანამშრომლობა ნამდვილად იქნება მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მოსახლეობის ინტერესები იქნება მაღალი და გამტარიანობა საკითხების, რაც სჭირდება აუცილებლად ამ ქალაქს. მე მეეჭვება გახარიას პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის ეფექტიანი მუშაობის, რამეთუ მათ თავიანთი ნაბიჯებით უკვე დაამტკიცეს, ერთმა პარტიამ თავისი პოლიტიკური წარსულით, მეორემ მასთან გაერთიანებით, რომ ისინი სიკეთეს არ უქადიან ამ მუნიციპალიტეტს", - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თაზო ფაცაციამ.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მის პარტიას და გიორგი გახარიას პარტიას დიდი ღირებულებითი სხვაობა გააჩნია, თუმცა მათ კანდიდატს მხარი მხოლოდ მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოსვლის მოტივით დაუჭირეს.
„მე პირველ რიგში ვულოცავ ზუგდიდელებს. სწორედ მათი სურვილი იყო, ზუგდიდში უმრავლესობით წარმოდგენილი ყოფილიყო ოპოზიცია. დღევანდელი გადაწყვეტილება არ იყო მარტივი და მე შემიძლია ვთქვა, რომ 10 წლის განმავლობაში რაც მე აქ საარჩევნო კამპანიას ვხელმძღვანელობ, ასეთი რთული გადაწყვეტილება ჩემს გუნდთან ერთად საერთოდ არ მიმიღია, იმიტომ, რომ გახარიასთან იმხელა ღირებულებითი სხვაობა გვაქვს. არსად წასულა ის კითხვები: 20 ივნისთან დაკავშირებით, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ა.შ. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვიყავით ორი არჩევანის წინაშე: ან მუნიციპალიტეტი უნდა ყოფილიყო კრიზისში, რაც ნიშნავდა ხელახალ არჩევნებს და ეს ხელახალი არჩევნები აწყობდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვიცით, როგორ ატარებს ის არჩევნებს - დაშინებით, მოსყიდვით, შანტაჟით და ა.შ. ამიტომ. ჩვენ უნდა გადაგვედო ეს ღირებულებითი სხვაობები და ამოვსულიყავით მუნიციპალიტეტის მთავარი ღირებულებიდან“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის" წევრი და უკვე საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ის „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ საკრებულოს ნორმალურ ფუნქციონირებაში მონაწილეობა მიიღოს.
„საკმაოდ მწვავე სხდომა გვქონდა, იყო ბევრი კითხვა, ბუნებრივია და ჩვენ არაერთხელ საჯაროდ, სხვადასხვა პლატფორმიდან გაგვიცია პასუხი. არასოდეს არ მოვრიდებივართ კითხვებზე პასუხის გაცემას. რაც შეეხება, დღევანდელ დღეს, უმთავრესია ის ფაქტი, რომ დღეს გადაიდგა ნაბიჯი მუნიციპალიტეტში დასრულებულიყო კრიზისი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ პარტიას, განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" თითოეული ჩვენგანი დადგეს პიროვნულ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მივიღოთ საკრებულოს ფუნქციონირებაში მონაწილეობა. ეს არის უმთავრესი მოწოდება. მე არ ვიცი თანამშრომლობას რას ეძახით. პირველი ჩვენი შეკრების დღიდან, მოვუწოდეთ ორივე პარტიას, ღიად და საჯაროდ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან, რომ მუნიციპალიტეტში დასრულდეს კრიზისი, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატურა და მოვუწოდეთ ღიად და საჯაროდ დაეჭირათ მხარი, არამარტო კანდიდატისთვის, არამედ მუნიციპალიტეტში კრიზისის დასრულებისთვის", - განაცხადა გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა გახდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".
კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას" მონაწილეობა არ მიუღია.