სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის კოკა კაციტაძის განცხადებით, პოსტზე არჩევის შემთხვევაში აპირებს ითანამშრომლოს როგორც სახალხო დამცველთან, ისე უფლებადამცველ ორგანოებთან.
როგორც კაციტაძემ იურიდიულ საკითხთან კომიტეტში გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კონკრეტული ხედვა აქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარებისთვის და ასევე გაითვალისწინებს კომიტეტზე მოსმენილ იდეებს.
“მოვისმინე ძალიან მნიშვნელოვანი იდეები კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც შეიძლება მომავალში სამუშაო ფორმატში კონკრეტულ გეგმებად გადაიქცეს. თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ვაპირებ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას უფლებადამცველ ორგანოებთან, სახალხო დამცველის აპარატთან, საერთაშორისო ორგანოებთან და საქართველოს პარლამენტთან”,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო ორგანოს უფროსის არჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს, კაციტაძე ამბობს, რომ ამ პროცესში ღიაა და არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების წარმომადგენლების კითხვები მას დისკომფორტს არ უქმნის.
“არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის დასმული შეკითხვები, იქნება ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თუ ხელისუფლების წევრების მხრიდან. არ არსებობს შეკითხვა, რომელსაც უნდა გავექცე. ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მქონდა. მე ვარ ღია და გამჭვირვალე კონკურსის პროცესში”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია.
კომიტეტის წევრებმა კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი. კოკა კაციტაძეს მხარი უმრავლესობის 10-მა დეპუტატმა დაუჭირა, ემზარ გაგნიძეს კი უმრავლესობის 9 დეპუტატმა და "ევროპელ სოციალისტთა" წევრმა ფრიდონ ინჯიამ.