პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებულ მოქმედებებზე მიუთითებს.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პარტიების კოორდინაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს უფრო ემსახურება ვიდრე გახარიას პარტიის.
„იქ, სადაც ასეთი კოორდინაცია ვნახეთ, პირდაპირ მიუთითებს გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინაციაზე, მათ შეთანხმებულ მოქმედებებზე. ბევრი მსჯელობა არ სჭირდება, ყველა ვხვდებით, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე გახარიას პარტიის ინტერესებს. ეს ინტერესები ამ შემთხვევაში არის ერთიანი და მსგავსი.
რაც შეეხება საკრებულოებს, სადაც ჩვენ პოლიტიკურ კამათს ვხედავთ, „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი ინტერესი, რომ თვითმმართველობამ ეფექტიანად იმუშაოს და თვითმმართველობამ შეასრულოს ის დავალება, რაც არჩევნების გზით მას მოქალაქეებმა მისცეს. მესმის, რომ ამ პოლიტიკურ კამათსა და დაპირისპირებას ახლავს გარკვეული დისკომფორტი, ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საბოლოო ჯამში, თვითმმართველობებში პოლიტიკური პროცესი სრულად გამართული იქნება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა გახდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".