ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ პარტია „საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა დასახელდა.
კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადეს „ქართულმა ოცნებამ" და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" . მმართველი პარტია ასევე არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესში.
ამასთან, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, პარტია "საქართველოსთვის" წევრებს მიმართეს და აღნიშნეს, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში არიან. აღნიშნულ განცხადებას სხდომაზე, მცირე, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
საკრებულოს სხდომას ბაჩანა შენგელია ესწრება. მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ გიორგი გახარიას პარტიიდან “საქართველოსთვის“ წარმოდგენილ კანდიდატს.
"მიზეზი მოწოდების, რომ მხარი არ დაუჭირონ გახარიას პარტიის წარმომადგენელს - მე მიმაჩნია, რომ გახარია და მისი პარტიის წევრები არიან ქვეყნის მტრები, ამ ქვეყანას და ამ რეგიონს მან უბედურება მოუტანა. მისმა ბრძანებამ შეიწირა დედაჩემის სიცოცხლე და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის მხარდაჭერა არის ქვეყნის ინტერესებისთვის გაუმართლებელი.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მე ვთხოვ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროს მხარი", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.