ვისთან არის დაკავშირებული “ქოლ-ცენტრები”, ყველამ კარგად იცის და ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
სუბარმა ხაბეიშვილის ბრალდბებს “გამოგონება” და “ტყუილი” უწოდა.
“ხაბეიშვილის გამოგონებებსა და ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოძიება დიდი ხანია დაწყებულია, ეს არის საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო არის ჩართული და არის მთავარი პარტნიორი. სწორედ ჩვენი და გერმანული მხარის თანამშრომლობით გაიხსმა საქმე და გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება ვისთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, გავიმეორებ პრემიერის ნათქვამს, ვინ დგას ამის უკან, რას აფინანსებს საქართველოში ეს ადამიანი, ყველამ კარგად იცის და სწორედ ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალებები სხვადასხვა პიროვნების მიმართ. ეს ხდება იმ ტელევიზიების მიერ, ვისაც ამ კაცის გვარის ხსენება არ აწყობთ,“ - განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ფარულ მოსმენებთან და ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლილუაშვილმა მას და ორ ტელეკომპანიას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლოში უჩივლა, თუმცა, რეალურად საერთაშორისო გამოძიება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის პერსონით დაინტერესდა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება.