ირაკლი კობახიძის განცხადება ძალიან მძიმეა - ცნობილი გამოთქმის არ იყოს, „თუ შევატყობთ, გერმანელები იგებენ თუ საბჭოელებიო“... ასეთი განცხადება, არ მგონია, სწორი იყოს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოვლენების განვითარებისამებრ მიიღებენ.
მანჯგალაძის თქმით, „ვლადიმერ პუტინის კეთილი ნების იმედად ყოფნა არ შეიძლება“.
„არ შეიძლება პუტინის კეთილი ნების იმედად ყოფნა. საქართველომ უნდა შეძლოს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება საერთაშორისო ასპარეზზე, მით უფრო იმ ფონზე, თუ პუტინი უკრაინაში ვერ გაბედავს აგრესიას, კონპენსირებას მოახდენს საქართველოზე იმ ლოგიკით, რომ საქართველოს ხელისუფლება ხმას მაინც ვერ ამოიღებს”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტს არ აპირებს. “საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს”,- განაცხადა კობახიძემ.