„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი სამართლებრივად პერსპექტიული არაა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ მგონია, რომ ლონდა თოლორაიას სარჩელს ჰქონდეს პერსპექტივა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს არ მივიღებდით. ეს სარჩელი სამართლებრივად არ არის პერსპექტიული იმ მიზეზის გამო, რომ ის არ ეფუძნება კონკრეტულ სამართლებრივ მყარ არგუმენტებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელო. ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო დღის წესრიგი, შემოსულია კანდიდატურები და ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ორი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ამაზეც დღეს უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით 28 იანვარს მიმართა.