არის დაავადების ახალი სახეობა - ამ დაავადებას ჰქვია ანგარება. ყველაზე ცუდი მედიცინაში არის თვითმკურნალობა ან არასწორი პირის მიერ დანიშნული მკურნალობა. წამალი იგივე საწამლავია, თუ ზუსტად არ გამოიყენებ და ფულის გულისათვის დანიშნავ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ განაცხადა.
მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ფარმაცევტული საქმიანობის ანგარიშის განხილვისას აღნიშნა, რომ ექიმმა ანგარებით რეცეპტი არ უნდა დანიშნოს და მისი უპირველესი მოვალეობა პაციენტის სწორად მკურნალობაა.
„აქ ვინც ვსხედვართ და საერთოდ, ვინც გვისმენს, ყველა პოტენციური პაციენტია. ადამიანი დაბადებიდანვე რისკის ზონაშია. დაავადება არის ინფექციური ხასიათის და არაინფექციური, მაგრამ არის კიდევ ახალი სახეობა დაავადების - ეკონომიური დაავადება. ამ დაავადებას ჰქვია ანგარება. ამ დაავადების პირობებში ყველა რეგულაცია წყალში ჩაიყრება.
ფარმაცევტი არის დამხმარე. პოტენციურად არის დაავადება, პოტენციური პაციენტი. იქით დაავადების შესახებ 2000 სიმპტომია, 800 სინდრომია. ეს ფარმაცევტმა არ იცის, არ ევალება. ექიმმა ამ 2000 სიმპტომიდან შექმნილ უბედურებას თავი უნდა გაართვას. მან უნდა დაალაგოს პრიორიტეტები კონკრეტულ ადამიანში.
სურდო არ არის ექიმობა, რომ გადაგედოს. ექიმობა არის დიდი ხანგრძლივი სწრაფვა, რომ ყველა დაავადების შიგნით შეხვიდე, გაიგო იმ დაავადების არსი, პოტენციურ პაციენტს გაეცნო და ამ დაავადებების გართულებები უნდა იწინასწარმეტყველო, ან იბრძოლო იმ პრევენციის გზით, რომ ეს დაავადება თავიდან აირიდო მედიკამენტის დახმარებით. თუ ექიმის სიტყვა წამლის ეფექტურობაზე ანგარებით იმოქმედებს, ეს დაავადების ის ფორმაა, რომელსაც ვერც ირაკლი, ვერც მე და ვერც ვერავინ უშველის.
ყველაზე ცუდი მედიცინაში არის თვითმკურნალობა ან არასწორი პირის მიერ დანიშნული მკურნალობა, მერე იმის გამოსწორება ძალიან ძნელია. წამალი იგივე საწამლავია, თუ იმას ზუსტად არ გამოიყენებ და ისე, ფულის გულისათვის დანიშნავ. სულ მესმის ფული, ფული, ფული. წამალი არის საბოლოო ეფექტი განსაკურნებელი. წამალი არის ის, როდესაც მიზანსწრაფულად დანიშნავ და ავადობას აჯობებ," - განაცხადა ლადო კახიძემ.