უხერხულია, რომ ცდილობთ პროცესის დისკრედიტაციას, რომელთან მიმართებითაც არცერთ ადამიანს თქვენამდე კითხვის ნიშანი არ დაუსვამს,- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ იყო.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, შერჩევის პროცესში მონაწილე არცერთ პირს, მათ შორის არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისს კითხვის ნიშანი არ გასჩენია პროცესის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით.
”არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, სახალხო დამცველს, მის ოფისს არ დაუსვამს კითხვის ნიშანი პროცესის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. 22 კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა დოკუმენტაცია და შესაბამისად, ეს პროცესი არის სრულიად ღია, ამიტომ, სამწუხაროა, როდესაც ამ პროცესის დისკრედიტაციას ცდილობთ. არ ვიცი, რამ განაპირობა ეს.
დამშვიდდით, დამშვიდდით! განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი დიდი ხანი არ გქონდათ 2012 წლამდე და ახლა მაინც გქონდეთ იმის მოთმინების უნარი, რომ განსხვავებული აზრი მიიღოთ, თუ არ მიიღებთ მოისმინოთ. სანერვიულო, წესით, არ უნდა გქონდეთ და რატომ ღელავთ ვერ გავიგე?! პროცესის დისკრედიტაციას როდესაც ცდილობთ, პასუხი, რა თქმა უნდა, მექნება ამასთან მიმართებით და რეაქციაც მექნება. ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე ამ პროცესის, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან, მის მიერ დასახელებული არასამთავროვო ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ჩემს კოლეგა მიხეილ სარჯველაძესთან და სხვა წევრებთან ერთად, რომლებმაც აბსოლუტურად ყველას შეუფერხებლად მისცეს საშუალება, მიეღოთ მონაწილეობა, გავსაუბრებოდით და შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეღო გადაწყვეტილება, რომ წარმოედგინა აქ კანდიდატები, ამიტომ ეს არის მცდელობა დისკრედიტაციის,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პროტესტი ხატია დეკანოიძის კიდევ ერთმა შენიშვნამ გამოიწვია, რომელიც ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ხარისხს შეეხებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინდექსი მართლმსაჯულებაზე როგორი იყო 2012 წლამდე ჩვენმა საზოგადოებამ იცის და მეორე, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მგონია, რომ შევჯერდით „ქართლი ოცნების“ გუნდი და ოპოზიციური ჯგუფები, როდესაც შევთანხმდით, რომ დავწერთ კონკრეტული შინაარსობრივ დოკუმენტს და შემდგომ განვაახლებთ მსჯელობას და თქვენ როგორც ჩანს, აქაც არ გაქვთ ინტერესი, რომ მიიღოთ მონაწილეობა, სამწუხაროა, თუ ამ პროცესის დისკრედიტაციასაც ცდილობთ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს მიმართა კითხვით, ვინაიდან მას აქვს აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობის პრეტენზია, როგორ აფასებს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემას და რამდენად დამოუკიდებლად მიიჩნევს სასამართლოს.