სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატებზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, ორივე კანდიდატს გავესაუბრებით და ამის შემდეგ მიიღებს კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ, რომელსაც კითხვები აქვს კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, ეს კითხვები დასვას კომიტეტის სხდომაზე და არგუმენტები მიუთითოს.
„ორივე კანდიდატი არის მოქმედი პროკურორი, ორივეს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, კარგი კვალიფიკაცია, ორივე არის კეთილსინდისიერი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე კანდიდატი შეძლებს ღირსეულად გაართვას თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, თუკი მხარს დავუჭერთ, თუმცა წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს. თუკი ოპოზიცია აპელირებს რაიმეზე, ამას სჭირდება ფაქტი, უაპელაციოდ ადამიანისთვის რაღაცის დაბრალება და თქმა, რომ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები, ეს ნიშნავს ვიწროპარტიულ დამოკიდებულებას, მოვიდნენ ოპონენტები და თქვან, რატომ შეაქვთ ეჭვი რომელიმე კანდიდატთან მიმართებით,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს ემზარ გაგნიძეს და კარლო კაციტაძეს უსმენენ.