პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გახსნეს.
ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ რუსთაველებს დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი წარუდგინეს.
,,ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ამ არჩევნების მოგება. გვყავს ღირსეული კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც პროფესიონალია, ძალიან კარგი იურისტი. ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის წევრი, რომელიც იზრუნებს რუსთავზე და გარდაბნის ისტორიულ სოფლებზე უკვე საპარლამენტო ფორმატში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რუსთავი და გარდაბანი იმსახურებს და ყოველთვის იმსახურებდა ღირსეულ კანდიდატს.
,,ბევრი ადამიანის შესახებ გვქონდა დადებითი რეკომენდაციები, ძალიან ბევრი ადამიანი განიხილებოდა, მაგრამ ჩვენ ამოვარჩიეთ მართლა საუკეთესო. ირაკლი შატაკიშვილმა უკვე დაამტკიცა გუნდში, რომ შეუძლია აიღოს პასუსიხმგებლობა კონკრეტულ თემებზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იმოქმედოს სწორად და ბევრი საკითხი გადაწყვიტოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნას და ამომრჩევლებისთვის წარდგენას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რუსთავში შუალედური არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს ჩატარდება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ,,ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა, ის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავის მერად აირჩიეს.