რას საუბრობს ბატონი კობახიძე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2024 წლამდე ქვეყანაში არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
ნიკა მელიას თქმით, საზოგადოება ბრძოლისთვის მზად უნდა იყოს.
„ბატონი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება საათნახევრით ადრე მახსოვს, რომ ის თანამდებობიდან არ გადადგებოდა, ბაქოში მყოფი საზოგადოებას გვეჩხუბა და საათნახევრში გადადგა. ამიტომ რას საუბრობს ბატონი კობახიძე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის. რამდენადაც მზად ვიქნებით ცვლილებებისთვის იმდენად სწრაფად დადგება ის დღე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება შესაბამისი ბრძოლა, ეს იქნება საარჩევნო თუ სხვა ტიპის. საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზადყოფნაში უნდა იყოს მოყვანილი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სახელისუფლებო მედიის პროპაგანდისტულ მოსაზრებებს. პირადად ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - განაცხად ნიკა მელიამ.