პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია სენაკის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სენაკში, ოპოზიცია თავისი ქმედებებით სამართლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.
„მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტი და ე.წ. არგუმენტებით სამართლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებენ. დღეს არ ჩანს უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა, როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდება, რა თქმა უნდა, მაშინვე მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს სხდომაში. ჩვენი მიზანი არ არის რიგგარეშე არჩევნები, ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა გვყავდეს და ამაზე ვმუშაობთ აქტიურად. სენაკის საკრებულოში სხდომის გამართვას და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება დეპუტატების ნახევარზე მეტი, ანუ 33-ის ნახევარი არის 17. "ნაცმოძრაობისა" და გახარიას ალიანსი ამტკიცებს, რომ ეს არის არა 17, არამედ 16, ანუ მარტივ მათემატიკურ არცოდნასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში მათ მათემატიკა ძალიან კარგად იციან, თუმცა, რეალურად, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდათ სენაკში კოალიციის შეკვრის, რომ ცდუნებას ვერ გაუძლეს.
რაც შეეხება ზუგდიდს, ჩვენთვის მთავარია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იყოს უმრავლესობის ფუნქციონირების შესაძლებლობა. როგორც კი ამ შესაძლებლობას დავინახავთ, სხდომაში მონაწილეობას მივიღებთ. მივალთ თუ არა ორშაბათს სხდომაზე, ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. პარტიას ექნება კონსულტაციები ადგილობრივ გუნდთან და მათთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სენაკის საკრებულოში რამდენიმე დღის წინ სხდომა გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გიორგი გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის წევრებმა ჩაატარეს. თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ის უფლებამოსილი არ იყო. კერძოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 17 წევრი. თუმცა, მდინარაძის თქმით, „წარმოუდგენელი სიგიჟეა 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება 16 დეპუტატით მოინდომო“.