ჩვენი მხრიდან არის სრულიად კონსტრუქციული განწყობა თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგრამ ცნობილი გამოთქმის არ იყოს, "მე თქვენკენ, თქვენ ეშმაკებისკენო", დაახლოებით ასე გამოუდის ოპოზიციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს და საქართველოს ჰქონდეს მეტი დემოკრატიის შესაძლებლობა.
„ცნობილი გამოთქმის არ იყოს, "მე თქვენკენ, თქვენ ეშმაკებისკენო", დაახლოებით ასე გამოუდის ოპოზიციას ჩვენი მხრიდან დამოკიდებულების დაფასებასთან დაკავშირებით. მართლა გვაქვს განწყობა რეალურად, რომ ვიპოვოთ კონსტრუქციული თემები და რეალურად შევთანხმდეთ.
პოლარიზების ხარისხის შემცირება იყო მთავარი ფაქტორი, რომელთან დაკავშირებითაც ვთანხმდებით, მაგრამ რომელ პოლარიზების ხარისხის შემცირებაზე გვაქვს ლაპარაკი. განცხადებებს გადახედეთ უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“. პოლარიზაციის შემცირება ხომ არ არის ერთი რომელიმე პარტიის ცალკე აღებულის მოსაგვარებელი პრობლემა. ყველა აქტორი კონსენსუსით უნდა შევთანხმდეთ. თამაშის წესია რეალურად პოლარიზაციის დაბალი ხარისხი. ყველას მივცეთ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. არ იყოს ასე რადიკალიზებული ფორმები გამოხატვისა. ამას არ შეიძლება, ერთი ქმნიდეს მარტო. ჩვენ გვინდა, პოლარიზება შემცირდეს და საქართველოს ჰქონდეს მეტი დემოკრატიის შესაძლებლობა. ჩვენი მხრიდან არის სრულიად კონსტრუქციული განწყობა თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.