„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვრის 26%-მდე დაწევა 80%-ით მოსწონს, 20% კიდევ გასაკეთებელია. როგორც გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კიდევ მეტი სამუშაოა ამ მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია.
„მსოფლიოში ქვეყანა იცით სადმე, რომ პენსიას არ არიგებდეს სახელმწიფო და პენსიონერს ახდევინებდეს პენსიის დარიგების ფულს? - ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, ეს არის თაღლითური სქემა, შექმნილი სპეციალურად. „ლიბერთი ბანკსა“ და სახელმწიფოს შორის, თავის დროზე, მოხდა ფარული გარიგება, ეს არის ჩვეულებრივი, კორუფციულ-თაღლითური სქემა. თუ თქვა „ლიბერთი ბანკმა“, რომ თითქოს ისეთი კარგია, უფასოდ არიგებს პენსიას, რეალურად სესხის პროცენტში შეუტანა ეს ყველაფერი პენსიონერს. 50%-ს ახდევინებდა სესხის პროცენტს. ეროვნული ბანკი თავის ფუნქციის ნაცვლად, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვა არის, ბანკების ინტერესების დამცველია, რაც ეროვნულ ბანკს არ უწერია თავის წესდებაში.
ის 10%, რომელიც მოაკლდა სესხის პროცენტს, არის დაახლოებით 4-ჯერ მეტი, ვიდრე 15 მილიონი. „ლიბერთი ბანკი“ უკმაყოფილოა დღეს, ბედნიერი კი არ არის ეს რომ მოხდა, რადგან ჩვენ მას ჯიბეში ხელი ჩავუყავით და მისი მონოპოლიური ძარცვის მექანიზმიდან ფული ამოვტაცეთ, დავუბრუნეთ პენსიონერებს დღეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, როგორი იქნება გაგრძელება, თუკი საკონკურსო პირობები უკვე შედგენილია, ბანკები გამოხატავენ ინტერესს, შემდეგ უკვე, 7 წლით გარანტირებულად, ისევ ექსკლუზიურად, ერთი ბანკი მიიღებს პენსიების დარიგების უფლებას, რაზეც ვაშაძემ აღნიშნა, რომ მას შემუშავებული აქვს კონკრეტული მექანიზმები, რომელსაც მოგვიანებით გაახმოვანებს.
„არის მექანიზმი, ვინახავ ჯერ, რომ ვთქვა, შეიძლება ჩაკეტონ ეს მექანიზმი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ 100%-ით მომწონს ის, რაც მოხდა, - 80%-ით მომწონს, 20% კიდევ გასაკეთებელია, რომ კონკურენცია იყოს. ეს კონკურენცია როგორ შევქმნათ, სხვა ბანკები შევიდნენ ამ სასესხო შეთავაზებებში, - ესეც მოფიქრებული მაქვს. ჯერ დავწიოთ მინიმუმ 10%-ით, რადგან ტენდერი გულისხმობს იმას, რომ შეიძლება კიდევ უფრო დაიწიოს პროცენტმა, შესაძლოა ბანკებმა თქვან, რომ უფრო დავწევთ პროცენტს და შემდგომ იქნება კიდევ მეტი სამუშო ამ მიმართულებით. მხოლოდ დასაწყისია, გაგრძელებაც მოფიქრებული მაქვს; უნდა ვაიძულოთ ეროვნული ბანკი თავისი ფუნქცია შეასრულოს. მომხმარებლის ინტერესი უნდა დაიცვას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს.
გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის.