ალეკო ელისაშვილი - ახლა ოპოზიციაში მიდის გადაჯგუფება - პარტიები, რომლებსაც ადარდებთ ხალხის პრობლემები და პარტიები, რომლებსაც ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა

ახლა მიდის გადაჯგუფება ოპოზიციაში, ორად ყალიბდება ოპოზიციური სპექტრი - ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ადარდებთ ხალხის პრობლემები და პარტიები, რომლებსაც ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტია რომელ მხარეს პოზიციონირებს, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა არ ეკუთვნის იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც ხალხზე ზრუნავს, რადგან მას და მის გარშემო არსებულ რამდენიმე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლა სურთ.

„ახლა მიდის გადაჯგუფება ოპოზიციაში, ორად ყალიბდება ოპოზიციური სპექტრი - ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ადარდებთ ხალხის პრობლემები და იდეები აქვთ, როგორ გახდეს ეს ქვეყანა მდიდარი და წარმატებული.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოვიაზრებ მათში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო არის კიდევ რამდენიმე პარტია, რომლებსაც აქვთ ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და მეორე მხარეს ლაგდებიან სწორედ ის პარტიები, რომლებსაც ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის თავად იყო შეურაცხყოფაზე დამყარებული პოლიტიკის მედროშე, ახლა დროა ეს ტენდენცია დასრულდეს.

„90-იანი წლების პოლიტიკა უნდა დასრულდეს, მარტო ერთმანეთის გინება რომ ითვლებოდა პოლიტიკად. ვარ ცოდვილი, ერთ-ერთი მედროშე ვიყავი ამ პოლიტიკის, ეს უნდა დავასრულოთ და უნდა გადავიდეთ საქმიანი კრიტიკის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ხალხის სასარგებლოდ როცა იქნება საკითხი, თანამშრომლობის პოლიტიკაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, იმის ნათელი მაგალითი, რომ ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას ერთმანეთთან შეურაცხყოფის გარეშე მუშაობა შეუძლია, უწყებათაშორისი კომისიაა, რომელმაც დღეს პენსიების და საპენსიო სესხების გაცემასთან დაკავშირებით პირობების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი ბანკის შერჩევა დაიწყო.

„იშვიათად ვარ პოლიტიკაში და პარლამენტში ჩემი საქმიანობით კმაყოფილი, ეს ის შემთხვევაა, როცა კმაყოფილი ვარ და თან იმითაც ვარ კმაყოფილი, რომ თუ მოვინდომეთ, შეგვიძლია, რომ რაღაც ნაწილი ოპოზიციისა, ვისაც აინტერესებს ხალხის პრობლემები და ხელისუფლება, დავსხდეთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.

3 მილიარდი ლარი პენსია, ყოველ წელს 700 ათასი პენსიონერისთვის - ეს თანხა უნდა დაარიგოს „ლიბერთი ბანკმა". თბილისში, რუსთავში და ქუთაისში არ არის პრობლემა, მაგრამ სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, პენსიის დარიგება არის პრობლემა, იმიტომ, რომ „ლიბერთი ბანკს“ უწევდა ხარჯის გაღება, რომ იქ მიეტანა ფული. ეს ხარჯი დავიანგარიშეთ რამდენია, ანუ რამდენი უჯდება პენსიის დარიგება ბანკს და ჩავდეთ ეს პირობად, რომ ყოველ წელს 15 მილიონი გამოიყოფა ბანკისთვის, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემდეგ პენსიას დაარიგებს. მოთხოვნა არის, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება უნდა გასწიოს პენსიონერებისთვის, დაუბრკოლებლად უნდა გაიცემოდეს ეს პენსია, მომსახურება უნდა იყოს უფასო პენსიონერებისთვის, ამაში საკომისიოს არ უნდა იხდიდნენ და სესხის აღების შემთხვევაში პენსიონერს არაუმეტეს 26%-ში უნდა მისცენ სესხი. ორმა ბანკმა „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ უკვე გამოთქვეს სურვილი. ხალხი იგრძნობს შვებას, იმიტომ, რომ ბანკს აქამდე შემოსავალი რომ არ ჰქონდა, ძარცვავდა შემდეგ პენსიონერს, ატყავებდა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა