ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, რომელშიც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას.
„საქართველოში დაუსრულებლად შეუძლიათ თავის დამშვიდება იმ აზრებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის წევრები კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოტანისას, მხოლოდ საქართველოს ხმას დაუგდებენ ყურს", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მათივე განცხადებით, თბილისი აშკარა დემონსტრირებას ახდენს იმის, რომ არ გააჩნია მოლაპარაკებების შესაძლებლობა, არ სურს ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინება და რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ სვლა.
„საერთაშორისო საზოგადოებამ დროა, შეიგნოს, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისთვის, ცინიკურად არღვევს მოქალაქეთა საბაზისო უფლებებს, ქმნის ჰუმანიტარული ხასიათის უამრავ პრობლემას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ცალმხრივი პოზიციის მხარდაჭერა საქართველოს კონფრონტაციულ განწყობას მხოლოდ ახალისებს და ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში“, - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გაეროსადმი მიმართვას, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს. როგორ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას.
„საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება“, -აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.