როდესაც ოპოზიცია შეიგნებს, რომ უნდა იყოს კონსტრუქციული, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ასეთი ტიპის ცვლილებებზე საუბარი, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დროა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი სიჩქარე საჭირო არ არის.
„საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ჩვენი ინიციატივა იყო. ეს იმ დროს იყო, როცა გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია შეძლებდა პროცესი კონსტრუქციულად ეწარმოებინა. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის 113 წევრის მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. ამ მხარდაჭერამდე გარკვეული ტიპის კონსულტაციები, შეხვედრები უნდა გაიმართოს, რაც შეუძლებელია იმ ფორმატში, რა ფორმატსაც საზოგადოებას რადიკალური ოპოზიცია სთავაზობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.
რაც შეეხება საპარლამენტო ბარიერის დაწევის საკითხს, კობახიძის თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, 2024 წლის წინა პერიოდში გამოჩნდება.
ცნობისთვის, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის “ქართული ოცნების“ დეპუტატების ხელმოწერითა და მხარდაჭერით პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს.