„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ პენსიის დარიგების ფულს პენსიონერი საბანკო პროცენტიდან არ უნდა იხდიდეს და პენსიის დარიგება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამ განცხადებით ვაშაძე საპენსიო სესხების პროცენტის დაწევის შესახებ გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა და მოუწოდა მას, კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ, რათა მეტ შედეგზე გავიდნენ.
„ბატონო რომან, არასწორია ჩასაფრებულის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც მთავარია, თქვენც გესმით, რომ პენსიის დარიგების ფულს პენსიონერი არ უნდა იხდიდეს საბანკო პროცენტიდან და პენსიის დარიგება სახელმწიფოს ვალდებულებაა! სამუშაო კიდევ ბევრია და ჩვენი მეორე მოთხოვნა, რომ საბანკო მომსახურების თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს პენსიონერს, დაკმაყოფილებული არ არის. ამიტომ, შემოგვიერთდით და მოგვეხმარეთ, რომ მეტ შედეგზე გავიდეთ. ამჯერად ფაქტია, რომ პენსიონერი 10%-ით ნაკლებს გადაიხდის, რაც, ვფიქრობ, კარგია. ეგ 30 ლარი, რაც თქვენ თქვით, ცოტაა, მაგრამ ბევრს ეგეც არ აქვს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. 3000-ლარიან სესხზე კი (საშუალოდ ამ მოცულობის სესხებია გაცემული) 300-ლარიანი შეღავათია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, მორიგი მავნებლური გადაწყვეტილებაა, რომ მთავრობა 15 მილიონ ლარს აძლევს “ლიბერთი ბანკს” პენსიონერების სესხის პროცენტის დასაწევად. როგორც გოცირიძე აცხადებს, პროცენტის შემცირება სხვა გზითაც იყო შესაძლებელი.