პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ძალიან საინტერესო და მაღალკონკურენტული კანდიდატები წარედგინა.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი თეორიული ცოდნა და კვალიფიკაცია სამსახურის წინსვლისა და განვითარებისთვის პოზიტიური რესურსი იქნება. მისივე თქმით, ორივე კანდიდატი დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა მმართველ გუნდს გარკვეული პრეფერენციები აქვს, რაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის დროს აისახება.
„კომიტეტის სხდომაზე კანდიდატთა განხილვა საკმაოდ საინტერესო და სრულფასოვანი იყო. ყველას შეეძლო კანდიდატებთან არა მხოლოდ კითხვის დასმა, არამედ მათგან ამომწურავი ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, არჩევის შემთხვევაში როგორ შეძლებენ იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანისთვის თავის გართმევას, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა ჰქვია. პროცესი კომიტეტში შედგა, ის თუ როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.
აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა. მათგან უმრავლესობის მხარდაჭერა ლელა ჯანაშვილმა მიიღო.