„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან, უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის მმართველობის დროს დათხოვნილი 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, უკანონო გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი უკვე იზარალა.
„5 დასრულებული საქმის შედეგად 202 672 ლარია გადახდილი. 129 500 ლარი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს მოქალაქეებს, თუ მიაჩნიათ, რომ საჯარო სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურიდიული დახმარებისთვის მიმართონ.