ბევრ რამეში კობახიძე გულწრფელად საუბრობს. მან და მისმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდი გამოიყენა ოპოზიციის დევნისთვის. თუ ამ ძალადობის ხარისხს ვინმე ვერ გრძნობს, ძალიან სამწუხაროა, - ასე ეხმაურება დეპუტატი თამარ კორძაია, ირაკლი კობახიძის მიერ, „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციის შესახებ.
როგორც კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, პერსონალურად ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს შეუქმნა იმგვარი პირობები, კობახიძის განცხადებას, რომ „ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლით არაფერი შეიცვლება“, იგი ამ შემთხვევაში ეთანხმება.
„ირაკლი კობახიძეს რაშიც ვერ დავემდურებით, ეს არის გულწრფელობა. სხვებისგან განსხვავებით, არ ალამაზებს მისი მმართველი პარტიის მოქმედებებს. გუშინდელი ინტერვიუდან ნათლად ჩანდა, ის რასაც მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი და როგორც პარლამენტის წევრი, ველოდი. მას, რომ 5%-იანი ბარიერი მოსწონს და საერთოდ ერთპარტიული მმართველობა მოსწონს, დიდი ხანია ვიცით და ბევრ რამეში, კობახიძე გულწრფელად საუბრობს. მან და მისმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდი გამოიყენა ოპოზიციის დევნისთვის, ანუ არ შევიდა ოპოზიცია, მანდატები არ გაუუქმეს, შევიდა ოპოზიცია და დღეს ვინც არ სჭირდებათ, იმათ უუქმებენ მანდატს. თუ ამ ძალადობის ხარისხს ვინმე ვერ გრძნობს, მაშინ ძალიან სამწუხაროა. ძალიან მარტივია იმის დანახვა, ყველა მიმართულებით როგორ ძალადობს ხელისუფლება ოპოზიციაზე. ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები {რომ ოპოზიცია თუ პარლამენტიდან ისევ გავა, საერთოდ არაფერი მოხდება}, მე უფრო მეტსაც ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილს ისეთი პირობები შეუქმნა პერსონალურად ირაკლი კობახიძემ, რომ საერთოდ პარლამენტი რომ არ იყოს ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილს პრობლემა არ ექნება. თუ ოპოზიცია გავა, მათ პრობლემა არ ექნებათ. კობახიძე არის ძალიან გულწრფელი. ამ ფრაზებით ის ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერს გამოვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ. ოპოზიციამ რომც არ დაუშვას შეცდომები, გადავა დაჭერებზე“, - განაცხადა კორძაიამ.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებულ პროცესს და მის განცხადებას, რომ მზადაა შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება, როგორც კორძაია დასძენს, თუ აღნიშნულ პროცესს დღევანდელობაზე არ ექნება გავლენა, „ეს იქნება დროის ფუჭი ხარჯვა“. მისივე თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან უშუალოდ გუშინდელმა შეხვედრამ დაბნეულობა გამოიწვია.
„თავიდან მე უფრო მეტი იმედი მქონდა ამ პროცესთან დაკავშირებით. ტყუილად, „ორთქლის გამოსაშვებად“ იქ არავინ ივლის. გუშინ, ცოტა დაბნეულობა გამოიწვია ყველაში, ვინც იქ ვიყავით, იმიტომ რომ დაისვა შეკითხვები, რისთვის ვაფასებთ, თუ ამას არ ექნება გავლენა დღევანდელ რეალობაზე, მაშინ დროის ფუჭი ხარჯვაა ეს ყველაფერი. წარსულის შესაფასებლად არსებობენ ისტორიკოსები, მეცნიერები და შეაფასონ მათ. ამ საზოგადოების ძირითადი ფოკუსი არის დღევანდელი რეალობა. ცუდია, რომ თმებით ათრევენ მესამე პრეზიდენტს ციხეში. ამაზეც არ იყო გუშინ პასუხი. მე მესმის, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პოზიციების ადამიანები ვიყავით და პრეზიდენტს სურდა, ნეიტრალური ყოფილიყო, მაგრამ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს სტერილური. როდესაც პრეზიდენტი აკეთებს შეფასებას, რომ სამარცხვინო პროცესია რეზოლუციასთან დაკავშირებით, მინიმუმ ის მაინც უნდა თქვას, სამარცხვინო ოპოზიცია იყო თუ ხელისუფლება? მე ვთვლი, რომ ასეთი სტერილურობა უკვე დამაზიანებელია პროცესისათვის. პრეზიდენტისგან მჭირდება პოზიცია: რუსეთი არის მტერი, თუ არა“, - აღნიშნა კორძაიამ.