ვანო მაჭავარიანი - ქვეყანაში „პოლიტიკური საგიჟეთია“ - რაც შეეხება პრეზიდენტს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სამუშაო არაფერი აქვს და  ახალ თემებს იგონებს

ეს ერთპარტიული მმართველობა ქვეყნისთვის ცუდად დამთავრდება,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

„ქართულ ოცნებას“, რომელსაც ირაკლი კობახიძე ახმოვანებს, საერთოდ არავინ სჭირდება, არც ოპოზიცია, არც ის მედია, რომელიც რაღაც ფორმით კრიტიკულია, არც საერთაშორისო პარტნიორები, რომლებმაც შარლ მიშელის 19 აპრილის ხელშეკრულება შესთავაზეს. ყველაზე ცუდი რაც არის, მას ასევე არ სჭირდება ოპოზიციური ამომრჩეველი მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები 19 აპრილს ხელშეკრულებას და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

„ქართულ ოცნებას“ მოსწონს ამ პოლარიზაციაში ყოფნა, მას უნდა, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მოსწონს და ორივე ერთმანეთს კვებავს ამ მიმართულებით. „ქართული ოცნებისთვის“ განცხადება, რომ ეროვნული თანხმობის მიმართულებით პრეზიდენტთან პრინციპში ითანამშრომლებენ, მაგრამ, ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების დასრულებაზე მუშაობენ, მათ შორის ბარიერის არდაწევით, ეს ხომ საერთო ჯამში, არანაირ პოლიტიკურ განმუხტვას არ ემსახურება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში „პოლიტიკური საგიჟეთია“ , რადგან იზრდება პოლარიზაცია და არასტაბილურობა.

„თუ გულზე მობრაგუნე „ქართული ოცნების“ მომხრე არ ხარ, მუზეუმშიც კი ვერ მუშაობ 160 ლარზე. მუნიციპალიტეტებშიც ხომ იგივე მდგომარეობაა“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი აქვს სამუშაო და ახალ თემებს იგონებს. პოლიტიკური ლიდერი შედეგზე თუ არ ხარ ორიენტირებული, რომ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანო და შეთანხმდნენ, მათ შორის რაც არის 19 აპრილის ხელშეკრულებაში, სხვა შემთხვევაში, ეს საზოგადოების მოტყუებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ისინი არავითარ შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს. ამიტომ ვამბობ, პოლიტიკური სიტუაცია ძალიან მძიმეა. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია,რომ ასე აწყობს, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილიც ამ თამაშს თამაშობს“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა