2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? - არა. როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ბარიერს ავწევთ, დავწევთ თუ იგივეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბარიერის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები გაიმართება.
„ჩვენ ვართ უმრავლესობაში. საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის მიშელის შეთანხმების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ შეთანხმებიდან გამოვედით. მაინც მგონია, რომ მათ შორის სასამართლო რეფორმა, მათ შორის საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მათ შორის ვენეციის ის 10 დასკვნა, რომელი იყო, ჩვენ გავითვალისწინეთ. რაც შეეხება პროცენტის დაწევას - ამასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდში კონსულტაციები გვექნება. 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? არა. როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ბარიერს ავწევთ, დავწევთ თუ იგივეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება 2024 წლის წინა პერიოდში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიზანშეწონილი.