„ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს "ნაციონალური მოძრაობის" რადარებიდან გაქრობას, ამას წინასწარმეტყველებენ და შელოცვებს აკეთებენ ამაზე 2012 წლიდან მოყოლებული და ვერ მიაღწიეს თავის საწადელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ყველაფერს გააკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ დასასუსტებლად და გასაქრობად.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება“ "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ გაანადგურებს, რადგან პარტიას ჰყავს თავის ელექტორატი.
"ეს არის პატრიოტული, ეროვნული ელექტორატი, რომლის მთავარი მიზანია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, ევროინტეგრაცია და ამ იდეების შესაბამისად, საზოგადოება დაიცავს "ნაციონალურ მოძრაობასაც" და ამ იდეებსაც", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას და აღნიშნა, რომ მთელი მათი პოლიტიკა ამ წლების განმავლობაში იყო "დაპირდი და გადააგდე" . მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს როგორც პარლამენტში, ისე ქუჩაში და ამ გზით მოახდინოს ხელისუფლებაზე წნეხი.
"უკვე მერამდენედ ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ვაწყდებით „ქართული ოცნების" ცნობილ პოლიტიკას - „შეპირდი და გადააგდე". მერამდენედ ხდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაპირების მიცემა, მათი პოლიტიკა არჩევნებთან, საკონსტიტიციო ცვლილებებთან, ძალაუფლების განაწილებასთან, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით იყო ერთ ფრაზაში ჩატეული - "დაპირდი და გადააგდე". მმართველი პარტიის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ცინიკურია. როცა ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან წნეხი არის ნაკლები, ასეთ განცხადებებზე მიდიან და ყველა დაპირებას ივიწყებენ, ამიტომ ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს პარლამენტში, ქუჩაში და მათ უნდა იგრძნონ საზოგადოების წნეხი იმისთვის, რომ დავანიშნოთ საპარლამენტო არჩევნები და კოალიციური მმართველობა დავამკვიდროთ ქვეყანაში,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.
რაც შეეხება საპარლამენტო ბარიერის თემას, კობახიძის თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.