არ მგონია, კობახიძის განცხადებები შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ ხელისუფლებას რაიმეს შიში აქვს, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, ოპოზიციას არ მისცეს საშუალება გარკვეული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს.
"ერთადერთი რისკეც ილტვის ხელისუფლება, ეს არის ქვეყნის სტაბილურობა, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა დესტრუქციული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს, თუნდაც, ეს ქვეყნის ინტერესების დაკნინების ხარჯზე ხდებოდეს. ამის შესაძლებლობას ოპონენტებს არ მივცემთ, ეს იქნება პასუხი იმაზე, თუ რატომ ვთვლით, რომ ცალკეული საკითხები, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ეს თუ სხვა, განიხილებოდეს ამა თუ იმ კონკრეტულ დროს,"- განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, რას გულისხმობს ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებში და რა რისკებზე საუბრობს, სარჯველაძე აცხადებს, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთი ასეთი ქმედება იხილა საზოგადოებამ.
"ბევრი რამ შეიძლება იყოს, მე გამიჭირდება ტემპში ავყვე იმ ფანტაზიებს, რომელიც არაკეთილსინდისიერი ქმდებების სახით შეიძლება ოპოზიციას ჰქონდეს, მთავარია, რისკები აქ იყოს დაზღვეული,"- განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.
რაც შეეხება საპარლამენტო ბარიერის თემას, კობახიძის თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.