კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ ამ ეტაპისთვის, საბოლოო პროდუქტი ამ პროცესის რა იქნება და ამ საკითხებზე ველოდებით ფასილიტატორების მხრიდან შემდგომ დაზუსტებულ ინფორმაციას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, თუ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დისკუსიები სამომავლოდ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების საკითხს, სადაც სახალხო დამცველი ხედავს მის როლსა და მანდატს, ის დარჩება ამ პროცესში და შეიტანს საკუთარ წვლილს.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პრეზიდენტმა საკმაოდ ზოგადად ისაუბრა ამ პროცესის თაობაზე, უფრო მეტად აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ კონკრეტული თემატიკა და შედეგები უნდა გამოიკვეთოს თვითონ პროცესში. იმ ჯგუფში, სადაც მე ვმონაწილეობდი, ყველა მონაწილემ დააფიქსირა ის, რომ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდეს აწმყოზე და მომავალზე. ჩვენი გზავნილი პრეზიდენტის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ აქამდე იმიტომ მივედით და იმიტომ დაიწყო ეს პროცესი, რომ დღეს ვართ ბევრი მიმართულებით ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში. იყო დასმული ჩვენი მხრიდან შეკითხვები და შეთავაზებები. რომ მნიშვნელოვანია შემდეგი შეხვედრისთვის უკვე დღის წესრიგი უშუალოდ გაიწეროს. რა თემებზე იმსჯელებს ეს კომისია. კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ ამ ეტაპისთვის საბოლოო პროდუქტი ამ პროცესის რა იქნება და ამ საკითხებზე ველოდებით ფასილიტატორების მხრიდან შემდგომ დაზუსტებულ ინფორმაციას. თუმცა ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამომავლოდ დაგვჭირდება თემების განსაზღვრა, დღის წესრიგი ამ შეხვედრების და ასევე, კონკრეტული პასუხები კითხვებზე, სად მიგვიყვანს ეს პროცესი და რა იქნება ამ პროცესის საბოლოო პროდუქტი.
თუ ეს დისკუსიები სამომავლოდ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების საკითხს, სადაც მე ვხედავ ჩემს როლსა და მანდატს, მათ შორის, ეს იქნება ეთნიკური უმცირესობების თემები, მართლმსაჯულების საკითხები, მედია თავისუფლების საკითხები, რა თქმა უნდა, დავრჩები და შევიტან ჩემს წვლილს, თუ ეს იქნება ისეთი თემები, სადაც სახალხო დამცველს არ აქვს კომპეტენცია და მანდატი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვერ დავინახავ“,- განაცხადა ლომჯარიამ.