საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს.
მათივე ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების მრავალწლიანი ინიციატივა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესი დაედო საფუძვლად აღნიშნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლიც დაესწრო.