ფაქტობრივად, როდესაც “ნაციონალური მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, შეიძლება გიორგი გახარიას პარტიასთან გავაიგივოთ, ხოლო როცა გახარიას პარტიაზე ვსაუბრობთ, იქვე “ნაციონალური მოძრაობა“ ვთქვათ - ნათელია, რომ ეს ორი პარტია რეგიონულ დონეზე ქვეყნის არევასა და ისეთი მოცემულობის შექმნას ცდილობს, რაც კანონის ფარგლებს ცდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
მათიკაშვილის თქმით, “დამატებითი მტკიცებულებები აღარ სჭირდება იმას, რომ ერთ ორგანიზმად შერწყმული ეს ორი პარტია საქმეს ერთობლივად აკეთებს“.
“როგორც არ უნდა გაერთიანდნენ და დაიყონ კანონისათვის გვერდის ავლის მცდელობა და არითმეტიკაზე უარის თქმა, არ გამოუვათ. არ გამოუვათ ჩვენს მოსახლეობასა და პარტნიორებს თვალში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახარიას პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სენაკში დაუჯერებელი რამ მოხდა, როცა 33- წევრიან საკრებულოში სხდომა 16 დეპუტატით გახსნეს და ახალი წევრის უფლებამოსილება ცნეს.