მე დღეს ველოდები გარკვეულ კონტურებს იმისა, თუ რა შედეგი დაინახა ქალბატონმა სალომემ იმ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც მას ჰქონდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციამდე განაცხადა.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია წარსულზე საუბარიც, თუმცა ეს არის მხოლოდ „ერთი კომპონენტი“. მისი თქმით, დღეს, ყველაზე მთავარი არის ქვეყნის არსებული კრიზისიდან გამოყვანა, რისთვისაც ბურჯანაძე აუცილებლად ვადამდელ არჩევნებს მიიჩნევს.
„მე დღეს ველოდები სწორედ, გარკვეულ კონტურებს იმისა, თუ რა შედეგები დაინახა ქალბატონმა სალომემ იმ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც მას ჰქონდა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ალბათ, დღეს ის გვეტყვის, რა მონახაზი აქვს, რა დაინახა, რისი მზაობა დაინახა, რა იდეები აქვს და როგორ გვთავაზობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წარსულზე საუბარიც და შეთანხმებაც, მაგრამ დღეს, როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისული ვითარებაა, წარსულზე საუბარი შეიძლება იყოს ერთი კომპონენტი, სამომავლო შეთანხმების. დღეს მთავარი არის საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული კრიზისიდან, რა გზა არსებობს ამისათვის. მე ამის გზას ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნების გზით. თუ ვინმეს რამე სხვა მოსაზრება აქვს, რა თქმა უნდა, მზად ვარ მოვისმინო, თუმცა ჯერ არაფერი მსგავსი არ მსმენია. მე როცა პრეზიდენტს შევხვდი პირისპირ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ ადეკვატურად ხედავს არსებულ პრობლემებს. რამდენად შეძლებს ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევებს, გამოჩნდება ალბათ, დღევანდელ შეხვედრაზე. ეს არის დამოკიდებული მის პოლიტიკურ ნებაზე და იმაზე, რამდენად ღრმად აპირებს ის, დამოუკიდებელი და პრინციპული პოზიციის დაკავებას. მე ამ ფორმატში დღეს მონაწილეობას ვიღებ იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად მზად ვარ, რომ მოვისმინო ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები. თუ შევხედავ, რომ ამ ფორმატებს ფორმალური ხასიათი აქვს ან არ მიდის იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მე მიმაჩნია, რომ უნდა წავიდეს, დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას და მაშინ შეიძლება, აქტიურად აღარ ვიყო ჩართული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უგულებელვყოფ არცერთ შესაძლებლობას იმისა, რომ მოვისმინო რაიმე გონივრული და თუნდაც განსხვავებული, რაც დამანახებს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსასვლელი გზა ისახება. ვნახოთ, არ ვარ დიდი ოპტიმიზმით განმსჭვალული, მაგრამ წინასწარ ნამდვილად არ მინდა რაღაც ზედმეტი სკეპტიციზმით ვისაუბრო. იმედი ვიქონიოთ, რომ რაიმე საინტერესოს მოვუსმენთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით, ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვას მართავს.