სასამართლომ აბსურდული გადაწყვეტილებით ვერ დააყენა ბადრი ჯაფარიძის მიმართ პასუხისმგებლობა და ახლა სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებით პარლამენტი გეგმავს მის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებას - ეს იქნება პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის წევრებს არ აქვთ ვალდებულება მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
„თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი გეტყვით, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და იმოქმედეს კანონით და კონსტიტუციით, უნდა იცოდეთ, რომ გატყუებენ, პარლამენტის წევრებს აქვთ სრული დისკრეცია, დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი ამ გადაწყვეტილებას. ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის პოზიციას, რომ არ იქნება სწორი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. შალვა ნათელაშვილი დაბრუნდა პარლამენტში, გახსნა საპარლამენტო წარმომადგენლობა ოფისის სახით, ბადრი ჯაფარიძე საქმიანობს პარლამენტში და აბსურდულია მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება. სწორედ ხანდაზმულობიდან გამომდინარე სასამართლომ ვერ დააყენა მის მიმართ პასუხისმგებლობა და ახლა სწორედ ამ აბსურდული, ხანდაზმული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პარლამენტი გეგმავს მისი პასუხისმგებლობის დაყენებას, ეს იქნება პოლიტიკური დევნა,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.