პოლიტიკური ძალებისთვის დღეს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, მოვახერხოთ და ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ კონსტიტუციაში, იქნება ეს რიგგარეშე თუ იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის შევატანინოთ ცვლილება ბარიერის დაწევის თაობაზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საერთაშორისო პარტნიორებს უნდა უთხრან, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დაბრუნდება შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, ისინი პარლამენტში მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
ბობოხიძის განმარტებით, სწორედ ერთპარტიული პარლამენტი არ მოსწონთ ყველაზე მეტად პარტნიორებს.
პოლიტიკური ძალებისთვის დღეს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, მოვახერხოთ და ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ კონსტიტუციაში, იქნება ეს რიგგარეშე თუ იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის შევატანინოთ ცვლილება ბარიერის დაწევის თაობაზე, რომელზეც შეთანხმება შემდგარია ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის სახით, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსულია. ამიტომ დაისახა უპირველესი ამოცანა, ის კი არა 2024 -ში როგორი კონფიგურაციით ვიქნებით, არამედ როგორ მოვახერხოთ, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ შეასრულოთ ეს დაპირება.
დღეს ოპოზიციის ყოფნას პარლამენტში საფუძვლად უდევს არა 2020 წლის არჩევნების შედეგები, არამედ ისინი პარლამენტში შევიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე. „ქართულმა ოცნებამ“ დაათმობინა ოპოზიციას მთავარ საკითხში, 43%-იან ბარიერთან დაკავშირებით. ამ მთავარი საკითხის გამო ყველაფერს დაპირდა, ოღონდ როგორც კი მოახერხა ხელისუფლების შენარჩუნება, მერე ყველა დანარჩენი სხვა დაპირება დაივიწყა. ამიტომ, როცა ვამბობთ პარლამენტის დატოვების საკითხი უნდა დასვას დღის წესრიგში ოპოზიციამო, ამას თვითმიზნურად კი არ ვამბობთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ პარტიებმა დატოვონ პარლამენტი. „ქართულ ოცნებას“ კი არა პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომლებსაც ძალიან არ მოეწონებათ ერთპარტიული პარლამენტი, რომ თუ ისინი ჩვენთან ერთად ძალისხმევას არ მიმართავენ, რომ „ქართული ოცნება“ დავაბრუნოთ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, იძულებული გავხდებით, დავტოვოთ პარლამენტი. სხვანაირად ჩვენ დანარჩენი პარტნიორების ყურადღებას ქართულ შიდა პროცესებზე ვერ მივიპყრობთ“,- განაცხადა ბობოხიძემ.