მამუკა ხაზარაძე, რეჟისორ ოთარ ეგაძესთან ერთად, წალენჯიხაში გია ხარჩილავას და თამარ ბელქანიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე წალენჯიხის მერმა, გია ხარშილავამ, მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და მამუკა ხაზარაძემ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც წალენჯიხაში უნდა განხორციელდეს.
„ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით წალენჯიხაში, უახლოეს მომავალში, თეატრალური დასი ჩამოყალიბდება.
ამ მიმართულების გასავითარებლად, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამისი ფუნქცია იტვირთოს.
თუმცა, ოთარ ეგაძის "თეატრალური სარდაფი" ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც უახლოეს მომავალში წალენჯიხაში ამუშავდება. წალენჯიხის "მეგობართა ჯგუფი", რომელსაც მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს, პარალელურად რამდენიმე პროექტს და პროგრამას ამუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.