“ლეიბორისტულ პარტიას“ და პარტია “ლელოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტი შალვა ნათელაშვილისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.
1-ელ თებერვალს ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ გასული წლის 22 ივნისს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.
“ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში ერთი დეპუტატით - შალვა ნათელაშვილით არის წარმოდგენილი, რომლის მანდატის შეწყვეტის საკითხი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დგება.
რაც შეეხება “ლელოს“, აღნიშნული პარტიიდან პარლამენტში სულ ოთხი დეპუტატი მოხვდა, რომელთაგან “ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს პირადი წერილობითი მიმართვის საფუძველზე მანდატი უკვე შეუწყდა. ასევე, დღის წესრიგში დგას ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხიც, მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით მათი საარჩევნო სიები “ჩახსნილია“, ოპოზიციას პარლამენტიდან წასული დეპუტატების ადგილმონაცვლეთა შეყვანის შესაძლებლობა არა აქვს.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ პარტია მომდევნო ექვსი კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. აღნიშნული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუჩერდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს უკვე მიმართა, მსგავსი ფაქტების წარმოშობის შემთხვევაში ცესკოს აცნობოს, რათა მათი მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2021 წლის 5 აგვისტოს განკარგულების გათვალისწინებით, “ლელოს“ წლიური დაფინანსება - 803.560.00 ლარს, ხოლო “ლეიბორისტული პარტიის” დაფინანსება 289.710.00 ლარს შეადგენს.