მარტივი არითმეტიკაა, 60 - ზე მეტნი არიან ოპოზიციაში, კომისიის შექმნას 50 სჭირდება, დაარწმუნონ თავიანთი კოლეგები და შექმნან, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტით სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის შექმნას პრობლემები შეუქმნას.
ზარქუა აცხადებს, რომ კომისია თუ შეიქმნება, მასში სავარაუდოდ, მმართველი გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.
„83 ვართ ჩვენ, 60- ზე მეტნი არიან ოპოზიციაში, 50 უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, კეთილი ინებონ, დაარწმუნონ თავიანთი კოლეგები და შექმნან, ორი ადამიანი არ წყვეტს არაფერს, არითმეტიკა ხომ მარტივია. 150- ს გამოაკელი 83, რამდენი დარჩა? - გვეკითხება ამოცანა, რაც დარჩა არის ოპოზიცია, თვითონ ჩამოყალიბდნენ, დაარწმუნონ ერთმანეთი და შექმნან. ეს კომისია რისთვის იქმნება? ყველამ ხომ ნახეთ ეს კადრები? ახლა ნახეთ მოლაშვილის კადრები, დანარჩენი პოლიტპატიმრების წამება, განსხვავებას ვერ ამჩნევთ?! მილევად რეჟიმში არიან, არავის აინტერესებს სააკაშვილი და რომ იტივტივოს, ამისთვის სჭირდებათ კომისია. თუ შეიქმნა, ჩვენც მივიღებთ სავარაუდოდ, მონაწილეობას და ვნახავთ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი აფიორა, ბლეფი იმისთვის, რომ დავიწყებას არ მიეცეს მათი ბელადი,"- განაცხადა ზარქუამ.
რაც შეეხება დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას, ზარქუა ამბობს, რომ კომიტეტმა გადაწყვეტილება რეგლამენტის და კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო.
"თუ ადამიანს მისჯილი აქვს სასამართლოს მიერ, მისი უფლებამოსილების საკითხი წყდება, ეს დასკვნა კომიტეტმა უკვე დადო, პარლამენტი იმსჯელებს შეუწყდეს თუ არა, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.
რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, პირდაპირ ვიტყვი, ის არ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას. როცა 1 პროცენტს ვერ სცდება რეიტინგით და ოჯახის წევრებიც რომ არ გაძლევენ ხმას, უნდა შეეშვა. ამ მოცემულობაში როგორც დაითვალეს ბიჭებმა, 5 მილიონზე მეტი აქვს წაღებული მის პარტიას ისე, რომ ერთხელ არ შემოსულა პარლამენტში. მგონია, არ იმსახურებს იყოს პარლამენტის წევრი და ამას რეგლამენტი განსაზღვრავს. ახლა მოგინდა შემოსვლა, ასე არ გამოვა, ამიტომ მე მხარს დავუჭერ, რომ შეუწყდეს, რაც შეეხება ხოშტარიას, ეს მისი გადაწყვეტილებაა და აქეთ გვიჩივის, რომ შევუწყვიტოთ,"- განაცხადა ზარქუამ.